თეგი: მზესუმზირის ზეთი

რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი რთულდება. საქართველოსთვის იაფი იმპორტის ალტერნატიული ბაზარი ჯერ არ ჩანს. Europetime-თან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ამბობს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა ივნისიდან საკვებ ზეთზე ფასი კიდევ გაიზრდება.  „რუსეთი არასტაბილური პარტნიორია, რადგან იგივე პანდემიის პერიოდშიც ზეთის ექსპორტზე ფიქსირებული გადასახადი გაზარდა და მაშინაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთის შემოტანაზე ექსპორტის გადასახადი $525 ხდება. მაისში ამ გადასახადმა ტონაზე $372,2 შეადგინა აპრილში კი $313. ეს კი საბაზრო ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. დიდი ალბათობით, ივნისიდან იპმორტირებული 1 ლიტრი ზეთი 11-12 ლარი ეღირება“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი დაიხურა. უკრაინიდან ზეთის იმპორტი თებერვლიდან შეწყდა. ამ დრომდე რუსეთი პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან მზესუმზირის ზეთის შესაძენად სულ $3,8 მილიონი გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში $2.5 მილიონის ღირებულების 1 709 ტონა მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა 475.2 ტონა შეადგინა, რაშიც იმპორტიორებმა $850.4 ათასი გადაიხადეს. რაც შეეხება უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი $416.1 ათასად შეიძინა. ეს მაჩვენებლები 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის პირველ კვარტალში მცირე მოცულობებით საქართველოში მზესუმზირის ზეთი გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან შემოვიდა. „რუსეთიდან რთულდება და ძვირდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრებზე გასვლა კი არ არის ადვილი“, - ამბობს Europetime-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის „ჩირინას“ ხელმძღვანელი რეზო ვაშაკიძე. მისი, თქმით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზესუმზირის ზეთი უკრაინიდან, მელიტოპოლის ქარხნიდან შემოჰქონდა, ახლა კი იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. „ივნისიდან მზესუმზირის ზეთი საშუალოდ კიდევ 20-30%-ით გაძვირდება“, - ამბობს ვაშაკიძე. ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს დისტრიბუროტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა არ მალავს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. „რთული პროცედურებია და დროშია გაწელილი. აზერბაიჯანიდან მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობა შემოდის, რაც ბაზარს აბალანსებდა. ძირითადად ალტერნატივად არგენტინა განიხილება“. კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბრაზილიას განიხილავს. „აქ პრობლემა ლოჯისტიკაა. მანძილი დიდია და ბუნებრივია ზეთზე ფასი გაიზრდება“. მზესუმზირის ზეთის იმპორტიორების ნაწილი, ბაზარზე შექმნილ ვითარებას პესიმისტურად უყურებს. ზოგიერთი უკრაინის ჩაკეტვის შემდეგ, ბაზრის ამ სეგმენტიდან საერთოდ გავიდა. „უკრაინიდან შემოგვქონდა მზესუმზირის ზეთი და ომის გამო გაჩერებული ვართ. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ამ მიმართულებით არ წავედით, რადგან არასტაბილური პარტნიორია“, - აცხადებენ სადისტრიბუციო კომპანია L ჯორჯიაში. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი მზესუმზირითი ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცახდებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. მაისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, მაისის მონაცემებით ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 7,5-ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა, რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო ნაწარმის წილი 6,77% -ია. ამასთან აპრილში ზეთი და ცხიმი კიდევ 20,8%-ით გაძვირდა. რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება? სად არის პრობლემა? Europetime ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და პუბლიკაციებს მოამზადებს.

რატომ ვერ ვითარდება მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება - მიზეზები

მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა. რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები:  რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა; აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა; უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა; იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა; სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა; გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა; ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა; თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა; ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი. მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში:   2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა; 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა; 2018 წელი  - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა; 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა; 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი  -  მოსავალი 2,1 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა. რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. „მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე. რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს. დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს. ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი. P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.